რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მტრულ ქმედებად აფასებს და ვაშინგტონს მოუწოდებს, ცეცხლს ნუ ეთამაშება. „აშშ-ის ადმინისტრაციამ მტრული, ანტირუსული თავდასხმა განახორციელა, როდესაც ევროკავშირთან ერთად, “მოსკოვის დასჯის“ მიზნით მორიგი სანქციები გამოაცხადა,”- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების მტკიცებით, სანქციები რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის საბაბია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვის რეაქცია შესაბამისი იქნება. შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირმა და აშშ-მა ერთმანეთთან კოორდინაციით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესეს.