პროკურატურამ ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ბაბუას ბრალდება წარუდგინა

16 თებერვალი 2021, 18:48 936 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ს.ც.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, ს.ც.-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს ნ.ც.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.

სამართალდამცავებმა ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 15 თებერვალს დააკავეს. დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა.

ს.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნილია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი