ამერიკის შეერთებული შტატები ირანისთვის დაწესებულ სანქციებს მანამდე არ მოხსნის, სანამ თეირანი ურანის გამდიდრების პროგრამას არ შეაჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ბირთვული შეთანხმების პირობების შესრულება პირველ რიგში ირანმა უნდა განაახლოს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეაჩერებს თუ არა ირანი ურანის გამდიდრებას პირველი, ბაიდენმა მტკიცების ნიშნად თავი დააქნია. პარალელურად, ბირთვულ შეთანხმებაზე ისაუბრა ირანის სულიერმა ლიდერმაც. აიათოლა ალი ხამენეის თქმით, თეირანის პოლიტიკის ცვლილებამდე, ამერიკამ ყველა სანქცია უნდა მოხსნას. „მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ყველა სანქცია სწორად არის მოხსნილი, ჩვენ დავუბრუნდებით ყველა წესის დაცვას“, - განაცხადა ირანის ლიდერმა. მისივე თქმით, ეს შეუქცევადი და საბოლოო გადაწყვეტილებაა და ირანის ყველა ოფიციალურ პირს აქვს ამაზე კონსენსუსი.