რესტორნებმა, 6 თებერვალს დაანონსებული, თვითნებურად გახსნა გადაიფიქრეს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯის გათვალისწინებით გადაწყვეტილება შეცვალეს.
"გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის მიერ იქნა მიღებული, ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ყინულის გალღობა და გადამდგარი ნაბიჯი იმ უფსკრულის ამოსავსებად, რაც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის შეიქმნა ამ ლოქდაუნებიდან გამომდინარე.
ჩვენ, როგორც იცით, დაანონსებული გვქონდა შაბათს, როგორც მედიამ მონათლა დაუმორჩილებლობის აქტი, მე დავარქმევდი თავისუფლებისთვის ბრძოლის აუცილებლობას სიცოცხლის გადასარჩენად და სურვილი გვქონდა მიგვეღო სტუმრები. ჩვეულებრივად დაგვეწყო ფუნქციონირება რეგულაციების ფარგლებში.
დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ არის ის, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება და ამ რეგულაციებში რაც არის ერთადერთი შესაძლებლობა გატანის სერვისით გააგრძელებს მუშაობას და ეს არის იმ გადაწყვეტილების, გარკვეულწილად, დაფასება, რაც ხელისუფლებამ გადმოდგა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 15 თებერვლიდან გარე სივრცეების გახსნა დიდი ან მცირედით მაინც დადებითი იმპულსის მომტანი იყოს''- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას, დაუმორჩილებლობის აქტი რამდენიმე კვირით გადაიწევს.
„მე უფრო ვაფასებ საზოგადოებისთვის გადადგმულ ნაბიჯს, რაც ტრანსპორტსა და სკოლების გახსნას შეეხება. ამ ყველაფერს ერთობლიობაში განვიხილავ და ამას ასევე რესტორნებთან ერთობლიობაშიც განვიხილავთ. ჩვენს თანამშრომლებს შეეძლებათ, ტრანსპორტით იმგზავრონ და ესეც არ იყოს რესტორნებისთვის დამატებითი ხარჯი. ხაზგასმით მინდა, ვთქვა, თუ 15 თებერვლის შემდეგ, კოვიდვითარების კუთხით ამ რიცხვებს შევინარჩუნებთ და ხელისუფლებას ვერ ექნება სალაპარაკო, რომ რაღაც გართულდა და აფეთქდა სიტუაცია, ჩვენ ვაანონსებთ, რომ დაუმორჩილებლობის აქტი თუ სიცოცხლისთის ბრძოლის აუცილებლობა გადაიწევს რამდენიმე კვირით, თუ ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას რეგულაციების ფარგლებში“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ მუშაობას. რამდენიმე დღის წინ კი რესტორნების მფლობელებმა, 6 თებერვალს, ობიექტების თვითნებურად გახსნას აანონსებდნენ.