ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ტერიტორია, სადაც, ცოფით დაავადება დადასტურდა, გამოცხადდა არაკეთილსაიმედოდ და დაწესდა კარანტინი.
ადგილობრივების განცხადებით, ცოფი სოფელ ჯიხანჯურში რუსთაველის ქუჩაზე და ამირან შაინიძის დასახლებაში დაფიქსირდა. ცოფიანი ცხოველის ნაკბენმა 3 მსხვილფეხა პირუტყვი იმსხვერპლა. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ სავარაუდოდ ცოფი, დაავადებული ტურის ნაკბენისგან გავრცელდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ზარალი დიდია და დახმარებას მუნიციპალიტეტს სთხოვენ. მათ პირუტყვი დროებით სადგომებში ჰყავთ ჩაკეტილი, რადგან ეშინიათ დაკბენის ფაქტი არ განმეორდეს.
სოფელში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე დაიწყო ცოფის საწინააღმდეგო, მასობრივი ვაქცინაცია. ჩატარდა შინაური მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლების და კატების ვაქცინაცია ცოფზე.
პარალელურად, მიმდინარეობს სოფლის მცხოვრებთა ეტაპობრივი აცრა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ნატო ქარდავა აცხადებს, რომ დეკემბრიდან დღემდე სოფელში ცოფით ინფიცირების 3 კერა დაფიქსირდა.
მისივე განმარტებით, სამივე შემთხვევაში ინფიცირების წყარო არის დაავადებული ტურა.
"სამივე შემთხვევაში დაავადებული გარეული ცხოველი შევიდა პირუტყვის სადგომში, დაკბინა ისინი თავის მიდამოებში. დაკბენილი ცხოველის თავი გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში და სამივე შემთხვევაში დადგინდა კლასიკური ცოფის ფაქტი. ინფიცირების პირველწყარო ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. პრევენციის მიზნით ვაქცინაცია დაიწყო მიმდებარე სოფელებში, ლეღვაში, ქაქუთსა და ცეცხლაურში"-აცხადებს ნატო ქარდავა.
დებულების თანახმად, შემთხვევის ადგილიდან, სამი კილომეტრის რადიუსში უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია და საყოველთაო სადენზიფექციო სამუშაოები.
კარანტინის მოხსნამდე აკრძალულია ძაღლების და კატების ქუჩაში გამოყვანა, სანადიროდ გაყვანა-გადაყვანა, ბაზრობების მოწყობა და დაუშვებელია ხორცის და რძის პროდუქტების რეალიზაცია.
კანონმდებლობის თანახმად, აუცილებელია დაავადებული და დაავადების მხრივ საეჭვო ცხოველების დაუყოვნებლივ იზოლირება და ლიკვიდაცია, გარდა იმ ცხოველისა, რომლემაც დაკბინა, დადორბლა ადამიანი ან ცხოველი.
ცოფის მხრივ, არაკეთილსაიმედო კერებში, შეზღუდვები მოიხსნება დაფქსირების ბოლო შემთხვევიდან 60 დღის შემდეგ.