ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს - კახი კალაძე

13 ნოემბერი 2020, 16:39 1408 ნახვა

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ გუშინ საფეხბურთო მატჩის დროს დაჯარიმებულ პირს ჯარიმა მძიმე ტვირთად არ დააწვება.

"გუშინ, ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია.

 

ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს.

 

ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას"-განაცხადა კახი კალაძემ

თბილისის მერი სტადიონზე მის და მისი შვილის ყოფნასაც გაეხმაურა.

"რაც შეეხება ჩემს სტადიონზე ყოფნას, მინდა გავმარტო, რომ მე იქ ვიყავი “უეფა”-ს დელეგაციის და ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწვეული, სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად. სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი.

ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია,  „ჩაწყობა“, “ჩინოვნიკობა”, ან რამე უკანონო ქმედება.

“უეფა”-სგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩზეც მომდის ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.

ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებია, რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო, ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია.

ამის გამო, ბევრმა, ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ"- წერს კახი კალაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი