ვიფიქრებთ როგორ დავეხმაროთ მათ - პრემიერი ბათუმში მოშიმშილე მოქალაქეებზე 

07 ოქტომბერი 2020, 14:09 1627 ნახვა

მეორე დღეა პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ბათუმში საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას და სოციალურ დახმარებას ითხოვენ. 7 ადამიანი შიმშილობს აჭარის მთავრობის სახლთან. პროტესტის უკიდურეს ფორმას მათ გუშინ ღამით მიმართეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვის საპასუხოდ, პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ დახმარების საკითხზე იფიქრებენ. რაც შეეხება ბათუმში დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას, ეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. 

''ბათუმში ქვეყნის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით ეპიდემიოლოგიური ვითარება არის შედარებით უფრო მძიმეა. რა თქმა უნდა შეზღუდვებიც არის შედარებით უფრო მძიმე. ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის მაშტაბით სისტემური შეზღუდვების დაწესებას, რაც ნიშნავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, გარკვეული სექტორების სრულად დახურვას, მაგალითად რესტორნები, ტრანსპორტის. ამას არ ვაპირებთ. ვაპირებთ წერტილოვნად, იქ სადაც  ეს ღონისძიებები აუცილებელია და ეფექტური იქნება მხოლოდ ამ შემთხვევაში. რაც გავაკეთეთ ბათუმში. ბათუმის შემთხვევაშიც, როგორც კი ჩვენ ეპიდემიოლოგიურ ციფრებს დავინახავთ, რომ ქვემოთ წამოვა შეზღუდვებს მოვხსნით. ეს არის ჩვენი ტაქტიკა. 

რა თქმა უნდა ერთი კვირით, ერთი თვით ან მეტიც გაგრძელებული შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის ადამიანებს. სოციალურ ფონსაც ამძიმებს. ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარება იმაში, რომ ეს ყველაფერი დასრულდა.  ყველა ვხვდებით, რომ საქართველო კი არა მსოფლიო გლობალურად არის ამ პრობლემაში. წელს მაგალითად ტურიზმი ვერ აღდგება და სამსჯელო გვექნება ტურიზმის სექტორს როგორ დავეხმაროთ, სოციალურად დაუცველებს როგორ დავეხმაროთ. თუ ბათუმში უფრო მძიმე შეზღუდვები დავაწესეთ, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა ადამიანების და ოჯახების შემოსავალზე, რა თქმა უნდა ამაზეც ვიფიქრებთ როგორ დავეხმაროთ მათ'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი