ბათუმში კორონავირუსი პედაგოგს დაუფიქსირდა, რომელსაც შეხება ჰქონდა ორ სკოლასთან. მასწავლებლის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. მან ერთ-ერთ პოლიკლინიკას ტესტირების ჩასატარებლად თვითნებურად მიმართა, რის შემდეგაც კოვიდ-19 დაუდგინდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, პედაგოგს კონტაქტი ჰქონდა სხვა მასწავლებლებთანაც, რის გამოც გაფართოებული ეპიდკვლევა და ტესტირება მიმდინარეობს.
კოვიდ-19 დაუდგინდა ასევე ''ხოფის ბაზრობაზე'' დასაქმებულ ერთ ადამიანს. ის ადრე ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია.
ნონა ეფაძის განცხადებით, ხვალ ბაზრობა არ გაიხსნება და იქ მედიკოსთა ჯგუფები ტესტირებას ჩაატარებენ.
''სკოლასთან დაკავშირებით ერთ-ერთი შემთხვევა არის პედაგოგი, რომელსაც შეხება ჰქონდა ორ სასწავლო დაწესებულებასთან და კოლეგებთან. დაგეგმილია მათი გაფართოებული ტესტირება.
მეორე შემთხვევას რაც შეეხება ''ხოფის ბაზრობას'', ჩაღმავებული კვლევით კავშირი იკვეთება ხოფის ბაზრობასთან. დღეს აღნიშნული სავაჭრო ცენტრი ისედაც დაკეტილია, გეგმიურად თვის პირველი ორშაბათი სანიტარული დღეა. პანდემიის პირობებში იქ შედარებით უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს დეზინფექცია.
რადგან ეს არის დიდი სავაჭრო ცენტრი და აქტიური მოძრაობაა, როგორც მომხმარებლების, ასევე ადგილზე დასაქმებულიც ბევრია. ხვალ არ იმუშავებს ბაზრობა, მაგრამ მობილიზებული იქნებიან ჯგუფები და ისინი ჩაიტარებენ უფასო ტესტირებას'' - განაცხადა ნონა ეფაძემ.