მთავრობის განცხადება, რომელიც თურქეთში მოქალაქეების სამუშაოდ წასვლას ეხებოდა ტყუილი აღმოჩნდა - ენმ 

04 აგვისტო 2020, 11:13 1688 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ამბობს, რომ თურქეთში დასაქმებული მოქალაქეების დიდ ნაწილს 300 ლარიანი დახმარება დღემდე არ მიუღია. გია აბულაძემ დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობის  განცხადება, რომელიც თურქეთთან საზღვრის გახსნას და მოქალაქეების სამუშაოდ წასვლას ეხებოდა ტყუილი აღმოჩნდა. 

''პირველი: თურქეთში წასასვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს 3 თვიანი მოწვევა/სამუშაო ვიზა, რომელიც დაზღვევასთან ერთად რამდენიმე ათასი ლირა ღირს და როცა ჩვენი მოქალაქეები მოკლევადიან სამუშაოებზე დადიან ძირითადად ისინი ვერ შეძლებენ რეალურად ვიზის ხარჯების დაფარვასაც;

2. მოწვევა უნდა ითარგმნოს, დამოწმდეს ნოტარიულად და აიტვირთოს საქართველოს მთავრობის სპეციალურ ელ. გვერდზე, რისთვისაც საკმაო დროა საჭირო, კერძოდ მოწვევის მიღების შემდეგ ნოტარიუსთან თარგმანის დასამოწმებლად რამდენიმედღიან რიგში უნდა იდგეს რის შემდეგაც, როცა ატვირთავს დოკუმენტებს ელექტრონულად მთავრობა პასუხს გასცემს მოქალაქეს ერთი კვირის განმავლობაში. ეს ბიუროკრატიული ბარიერები, რომელიც დროშია გაწელილი რა თქმა უნდა შეუძლებელს ხდის დასაქმებას, რადგან დამსაქმებელი 10-15 დღეს არ დაელოდება დასასაქმებელ პირს;

3. როცა დაბრუნდებიან საქართველოში ჩვენი მოქალაქეები უნდა გაიარონ ორკვირიანი კარანტინი, რაზეც ბიუჯეტიდან დაიხარჯება თითოეულ მოქალაქეზე დაახლოებით 1000 ლარამდე და თუ ამ თანხას ხელისუფლება გადასცემს მოქალაქეებს ისინი აღარ წავლენ სამუშაოდ თურქეთში, შესაბამისად რისკებიც შემცირდება'' - განაცხადა ბრიფინგზე გია აბულაძემ. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ითხოვენ, ხელისუფლებამ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისათვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადოს. ასევე, თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინისათვის გასაწევი ხარჯები, 1000 ლარი, გადაუხადონ იმ მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმებული იყვნენ თურქეთში. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში