საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტიგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურეს, ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდა. სამხედროები სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი. სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირების წყარო ავღანელ პერსონალს უკავშირდება.
საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ. სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ.
დანარჩენილი სამხედრო მოსამსახურეები, ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2 კვირიან კარანტინს გაივლიან.
"მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო, დამოკიდებულებია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ყველა იმ საპრევენციო და სარეკომენდაციო ზომების ეფექტურ გატარებას და ზედამხედველობას, რაც თავდაცვის ძალებსა და ზოგადად ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას უზრუნველყოფს"-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.