მიწების დროებით მფლობელობაში გადაცემის მოთხოვნით ქობულეთში აქცია გაიმართა

12 მაისი 2020, 14:06 3177 ნახვა

ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, სახელმწიფომ დროებით მფლობელობაში ან საკუთრებაში გადასცეს მიწები, სადაც დღეს ჩაის პლანტაციებია. მათი განცხადებით, ისინი სამუშაოდ თურქეთში გადადიოდნენ, პანდემიის გამო კი ისინი მეზობელ ქვეყანაში ვერც ჩაის საკრეფად და ვერც სამუშაოდ ვერ გადადიან.

ადგილობრივთა განცხადებით ისინი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. დღეს აქციაზე დაახლოებით  400 პირი იმყოფებოდა. მათი განმარტებით ფართობი, რომლებზეც დღეს ჩაის პლანტაციებია გაშენებული ერთ-ერთ ბიზნესმენზეა გასხვისებული, რომელიც მათივე თქმით ადრე მიწის დამუშავებას და დასაქმებას დაჰპირდა, თუმცა პირობა დღემდე არ შეუსრულებია. მათ ეჭვი აქვთ, რომ მიწის მესაკუთრე ტერიტორიის გაყიდვას აპირებს.

აღნიშნული მიწის ნაკვეთების ნაწილი ადგილობრივებს თვითნებურად სარგებლობაში აქვთ. ტერიტორიის ნაწილს მოსახლეობა საბოსტნედ იყენებდა, თუმცა მათ  გასხვისების შემდეგ ამის უფლებაც შეეზღუდათ.

აქციაზე დღეს იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც. ის, აქციის მონაწილებთან ერთად ხელისუფლებას 10 დღიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ საკითხით დაინტერესდეს და მოსახლეობას მათი პოზიცია გააგებინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერნამენტული აქციებით იმუქრებიან.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორია შპს "მილენიუმ ტრანსა" 2008 წელს ვალდებულებების გარეშე გასხვისდა. ქობულეთის მერის განცხადებით ის საკითხს შეისწავლის, მათ შორის იმასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა ინვესტორს ადგილობრივებთან რაიმეს სახის დამატებითი ვალდებულება აღებული.

"საჯარო რეესტრის მიხედვით აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც 200 ჰექტარზე მეტია 2008 წელს არის გასხვისებული კერძო სამართლის იურიდიულ პირზე. ამ მიწის ნაკვეთის განკარგვა, დამუშავება წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირსა და შესაბამის მხარეს შორის შეთანხმების საგანს. ხელშეკრულების მხარე არის ეკონომიკის სამინისტრო, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი მეორე მხარე. კომპეტენტური აზრი და პოზიცია დაირღვა თუ არა რაიმეს სახით ხელშეკრულება უნდა განახორციელოს სწორედ სამინისტრომ. მერია ამ შემთხვევაშ არ არის არც ხელშეკრულების მხარე და არც ქონების განმკარგველი. იურიდიულმა პირმა უნდა გადაწყვიტოს მისი განკარგვის საკითხი."-განაცხადა მირიან ქათამაძემ.

ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე დაახლოებით 700 ოჯახი ცხოვრობს, მათგან დაახლოებით 25%-ს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში საერთოდ არ გააჩნია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში