აჭარული კერძები ებრაელი გასტრო კონტენტ-კრეატორების ყურადღების ქვეშ მოექცა. სინორი, ბორანო, იახნი, აჭარული ხაჭაპური და სხვა აჭარული კერძების მომზადების მასტერკლასებს ისინი აჭარაში მოგზაურობისას დაესწრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდა რეგიონის გასტრონომიული შესაძლებლობების გაცნობისა, კონტენტ კრეატორები სტუმრობდნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ქედისა და ქობულეთის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს. ბლოგერებმა მანდარინის დაკრეფის პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა და გამომწერებს აჭარის საშემოდგომო ტურისტული პროდუქტების შესახებ გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონში უცხოელი ინფლუენსერებისა და კონტენტ კრეატორების მოწვევას. მიმდინარე წელს, უწყება აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობების პოზიციონირებასა და პოპულარიზაციას 25-მდე სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს. რაც გარდა აჭარის რეკლამისა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებისა, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობასა და რეგიონში ტურ-სააგენტოების, ჟურნალისტებისა და ინფლუენსერების მოწვევას ითვალისწინებს.