საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან უცხო იურისდიქციაში, სადაც საქართველოს სახელმწიფო მათ ვერ იცავს, შეზღუდული აქვს დაცვის შესაძლებლობა, მათ შორის საარჩევნო უფლების მხრივ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება დიასპორის უფლებების დაცვას, მათზე წნეხის მოხსნას, რათა ისინი არ გამოიყენონ იარაღად საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.
„ჩვენ ვთქვით კიდეც, რომ სულ უფრო იმატებს მსოფლიოში სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის ფაქტები. ამაზე საუბრობენ აშშ-შიც, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაშიც, რომ ერევიან მათ არჩევნებში.ეს ვნახეთ 2024 წელს, როდესაც ჩვენს არჩევნებში უხეშად ჩაერივნენ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები, რათა დაედოთ მათთვის სასურველი საარჩევნო შედეგი. არაფერს მოერიდნენ. მათ შორის ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩაერთო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კამპანიაში. აქ მიტინგებს მართავდნენ უცხო ქვეყნების მინისტრები. ჩვენ როგორ ვანდოთ, რომ მათ ქვეყნებში ჩვენს მოქალაქეებზე არ იქნება ზეწოლა და მათი გავლენა, რათა სასურველი საარჩევნო შედეგი დაიდოს. რაც მთავარია, ამის ფაქტები არის.
გუშინაც ვთქვი, რომ მიხაილ როთი, რომელიც იყო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი, 2024 წლის არჩევნების წინ, ბერლინში ჩაწერა ვიდეო და ჩართული იყო ამომრჩევლების მობილიზება-ზეწოლაში. გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი რომ გეუბნება, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეცი ხმაო, კაი დედმამიშვილი ხარ იქ მყოფი საქართველოს მოქალაქე და არ დაუჯერო გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელს. ჩართული ჰყავდათ საქართველოს მოქალაქეები, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და ა.შ. დააპირისპირეს დიასპორა. ჩვენ ვნახეთ ფაქტები აშშ-ში, გერმანიაში, სხვა ქვეყნებში, სადაც დიასპორისვე წარმომადგენლები ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ ჩაუშვებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში, თუ სხვა უწყებებში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მათი დეპორტაციისთვის.
საჯარო განცხადებაც იყო, რომ ერთ-ერთი ქართველი, რომელმაც აითვალწუნა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, იმუქრება, რომ არჩევნები ჩაივლის და ამ ადამიანზეც ინფორმაცია მიეწოდება ყველას, მათ შორის გერმანიის მთავრობას. ასეთი ვითარება იყო 2024 წლის არჩევნების წინ, როდესაც, მათ შორის დიასპორის წარმომადგენლების ზოგიერთი ნაწილი გადაკიდეს, წააქეზეს საკუთარი თანამემამულეების წინააღმდეგ, რომ შეედგინათ შავი სიები და გაეგზავნათ სახელმწიფო დეპარტამენტებსა თუ საგარეო საქმეთა სამინისტროებში. კერძოდ, იმ ქართველებთან დაკავშირებით, რომლებზეც შეიძლება, შემდეგ რაიმე ხინჯი მოენახათ მათი ყოფნის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით და მოეხდინათ დეპორტაცია. ამისგან დასაცავად არის მათ შორის ეს რეგულაციები.
როგორც ვხედავდით, მაშინ თვალი დახუჭეს, მათ შორის გერმანიის ხელისუფლებამაც თვალი დაუხუჭა არჩევნებში პირდაპირ ჩარევაზე, რეაქცია არ ყოფილა. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ეფექტიანი ინსტრუმენტები გვქონდეს უცხო ქვეყნებში. ამიტომ, იმისთვის, რომ მათ შორის დიასპორა იყოს წნეხისგან, ზეწოლისგან დაცული, ზუსტად ამ წნეხის გამოსარიცხად შემოგვაქვს წესი. ეს წესი მოქმედებს ზუსტად იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჰყავთ ძლიერი დიასპორა – სომხეთი, ისრაელი, ირლანდია, მალტა, ზუსტად ის ქვეყნებია, რომელთა დიასპორასაც ამ ქვეყნების განვითარებაში დიდი წვლილიც შეაქვს. კონტაქტსაც არ კარგავენ, მაგრამ ზუსტად ასე იცავს სომხეთი, ირლანდიაც, ისრაელიც თავის დიასპორის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ. იცავს, რათა ისინი არ გამოიყენონ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად და უცხო ძალებმა არ ჩართონ პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს ცვლილებები ემსახურება მათ შორის დიასპორის უფლებების დაცვას და მათგან წნეხის მოხსნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.