აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე წარადგინეს

04 მარტი 2020, 13:26 5079 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე წარადგინა.

საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, გიორგი აბაზაძე დათანხმდა წინადადებას. დირექტორმა მაუწყებლის 8 მმართველიდან 7 თანხმობა მიიღო.

ერთი მმართველი წინააღმდეგი წავიდა იმ მოტივით, რომ კრიზისულ სიტუაციაში, აუცილებელი იყო, დროებით, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელოად მოქმედი რედაქტორი დანიშნულიყო, რისი მზაობა და სურვილი ჰქონდა საინფორმაციო სამსახურს. ეს კი კრიზისულ პერიოდში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა. 

ონლაინ სამსახურის ხელმძღვანელის ეს წინადადება გიორგი კოხრეიძემ არ გაითვალისწინა. 

გიორგი აბაზაძის კონსულტანტად კი, ლალი ბერძენიშვილი ინიშნება. ამის შესახებ, მაუწყებლის მმართველთა საბჭოზე დირექტორმა განაცხადა. ლალი ბერძენიშვილს მანამდე წინადადება ჰქონდა, რომ თავად ყოფილიყო მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა უარი განაცხადა თუ ამის მზაობა არ ექნებოდა ახალი ამბების სამსახურს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი დაკავებული თანამდებობიდან 28 თებერვალს გაათავისუფლეს. 

მანამდე კი, აჭარის მაუწყებლის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურიდან გაუშვეს მაია მერკვილაძე.  

მაუწყებლის ჟურნალისტები და ალტერნატიული პროფკავშირების წევრები, სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის ახალი ამბებიდან ჩამოშორების შესახებ ინფორმაციას, სამი კვირის წინ ფლობდნენ და საჯაროდ აცხადებდნენ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტსა და მრჩეველთა საბჭოს სამ წევრს, რომლებიც "ქართული ოცნების" კვოტით მოხვდნენ ბორდში, საინფორმაციო პოლიტიკაში შეცვლა სურთ, მმართველი გუნდის სასარგებლოდ. 

შორენა ღლონტი სამსახურიდან მოკვლევის დასრულების შემდეგ გაუშვეს, მას მაუწყებელში ონლაინ სამსახურის უფროსის კონსულტანტის თანამდებობა შესთავაზეს. 

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საინფორმაციო გამოშვება "მთავარი რვაზე" წამყვანმა თეონა ბაკურიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიორგი აბაზაძე არასოდეს გამოირჩეოდა აქტიურობით სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და ეს ცინიზმია დირექციის მხრიდან. 

''ეს ცინიზმიც აღარაა. ჩვენ შევთავაზეთ ირინა ყურუა და ლაშა ზარგინავა, ან მაია მერკვილაძის დაბრუნება. გარდამავალ პერიოდში მოვალეობის შესასრულებლად. ადგა დირექტორი და უფროსად დანიშნა გიორგი აბაზაძე. არა რედაქტორი, არამედ წამყვანი. ის არ არის გამოცდილი, არასდროს უკეთებია ახალი ამბები. არ გამოირჩეოდა მიმდინარე პროცესებში ჟურნალისტების სარედაქციო პოლიტიკის დაცვის მხარდაჭერით'',- დაწერა თეონა ბაკურიძემ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში