ხულოში მეორე დღეა გამოიდარა, თუმცა უამინდობისაგან გამოწვეული პრობლემების ნაწილი კვლავ გადაუჭრელი რჩება. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სააღმზრდელო პროცესი, ბავშვების გამოუცხადებლობის გამო 5 საბავშვო ბაღში არ შედგა.
შეფერხებებია გადაადგილების კუთხითაც, მაღალი ზონის სოფელში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი. როგორც ცენტრალური ასევე შიდა საუბნო გზები ყინულითაა დაფარული, რის გამოც რეკომენდირებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა.
მხოლოდ მაღალი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები კურორტ გოდერძის მიმართულებით. ამ დროისთვის მერიაში მოქმედ საგანგებო შტაბში შეტყობინება მეწყერისა და ზვავის შესახებ არ ფიქსირდება. ელექტროენერგია ყველა სოფელს შეუფერხებლად მიეწოდება.