კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რომლებმაც ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან აქცია გამართეს, დღეს კონსული არ შეხვდა. აქციის მონაწილეებმა დაპირება მიიღეს, რომ ისინი მინდია გორაძის საკითხს შეისწავლიან.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს გამაფრთხილებელი და სპონტანურად დაგეგმილი აქცია იყო, სხვა დროს კი, უფრო ფართომასშტაბიანი გაიმართება.
საქართველოს პროკურატურაში ამბობენ, რომ მინდია ლავასოღლის ექსტრადირებასთან დაკავშირებით პროცედურები დაწყებულია. გორაძის ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება არასაკმარისია და სახელმწიფომ რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას.
''ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს საკითხი მათთვის აქტუალურია, რაც შეიძლება მალე გადაჭრიან აღნიშნულ პრობლემას.რა თქმა უნდა დღევანდელი აქცია სპონტანური იყო, მოულოდნელად დაიგეგმა, ამიტომ მოდი დავარქვათ ამას გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენ ვაპირებთ, რომ დაველოდოთ ოფიციალურ პასუხს თურქეთიდან..დღეს დავიშლებით, დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ ორ-სამ დღეში მივიღებთ პასუხს. ოფიციალურად გავარკვევთ რატომ არის მინდია ლავასოღლი ასეთ გაუგებრობაში. დავგეგმავთ სამართლებრივ ფორმებსაც და იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება''- ამბობს ალექსანდრე კობაიძე მინდია გორაძის ადვოკატი.