წარმოაჩენენ, თითქოს ეს ოპერაცია მიმართულია ქურთების წინააღმდეგ - თურქეთის კონსული სირიის ოპერაციაზე

14 ოქტომბერი 2019, 18:44 2216 ნახვა

თურქეთის მხრიდან, სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას, ბათუმში თურქეთის კონსული მაქბულე ქოჩაკი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პროცესები თურქეთის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება და ის ქურთების წინააღმდეგ მიმართული არ არის. 

განცხადება, კონსულმა დრეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა. 

"ჩვენი საზღვრის გასწვრივ არსებული ტერორიზმის დერეფნის განადგურება და ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დერეფნის შექმნა, ჩვენი ერთ-ერთი მიზანია. ასევე, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ, ნებაყოფლობით რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები 300 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის დაბრუნებას თავიანთ სახლებში.

ზოგიერთი წარმოაჩენს ამ ოპერაციას ისე, თითქოს ის მიმართულია ქურთების წინააღმდეგ, ეს არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ მხოლოდ ვუზრუნველყოფთ ტერიტორიაზე მშვიდობას, უსაფრთხოებას და შემდეგ უკვე თვითონ ირჩევენ ადგილობრივ მმართველობას" - განაცხადა ბათუმში თურქეთის კონსულმა.

სირიის ტერიტორიაზე თურქეთის ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ დაწყების შემდეგ სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება 200  ადამიანზე მეტს მოუწია. ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებები ქალაქ რას ალ-აინში მიმდინარეობს. თურქეთი ამტკიცებს, რომ ქალაქი დაიპყრო, თუმცა ქურთული ძალები ამას უარყოფენ. 

თავდასხმის გამო საერთაშორისო საზოგადოებამ თურქეთი გააკრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თურქეთის ქმედებებს არ ამართლებს და სერიოზული სანქციების გატარებით იმუქრება. გარდა ამისა, ოპერაციის დაწყებამდე აშშ-მ რეგიონიდან საკუთარი სამხედროები გამოიყვანა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტიონიო გუტიერეშმა შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე სიტუაციის გამო, ხოლო ფედერიკა მოგერინიმ თურქეთისგან საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში