მეც მაინტერესებს ვინ ურჩია პრეზიდენტს ამ ხალხის შეწყალება - დიმიტრი გაბუნია

23 სექტემბერი 2019, 13:07 1475 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მასაც აინტერესებს ვინ შეადგინა შესაწყალებელ პირთა სია და ვინ ურჩია პრეზიდენტს დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა.

''ნამდვილად არ ვიცი და თქვენთან ერთად მაინტერესებს პროკურატურაში დადგინდეს კონკრეტულად, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ ურჩია, ვინ შეიტანა ეს სია და შესაბამისად, რატომ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა. აბსოლუტურად არ ვარ გარეული, როგორც მე თქვენ გიყურებთ ახლა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ამას დავამტკიცებ“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, ის შვებულებაში იყო და შეწყალებულების შესახებ მედიის საშუალებით გაიგო. 

დავსვი კითხვები, როცა იღებ გადაწყვეტილებას, ხომ შეიძლება ვიღაცას კითხო. პასუხი, ამისთვის არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, ის პასუხისმგებელი პირი, ვის უფლებამოსილებაში შედიოდა ამ სიების შეტანა, გაფილტვრა. მე როდესაც დამიბარებენ პროკურატურაში, ამ შეკითხვებს აუცილებლად დავსვამ. ეს არის ჩემი აზრით ბინძური ცილისწამება'' - ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. 

18 სექტემბერს ''ევროპულ საქართველოში'' ბრიფინგი გაიმართა, სადაც ირმა ნადირაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საქმეები, საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში