30 დღეა, ვითხოვთ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას - საქართველოს პარლამენტთან ამ მთავარი სლოგანით აქცია დღესაც განახლდა. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის ქებას ისმენენ, ამასთან ხელისუფლება ითვლის აქციაზე მისული ადამიანების თავებს. მიუხედავად ამისა მათივე რწმენით, ყველამ კარგად იცის, რომ გახარიას გადადგომა სამართლიანი და ლეგიტიმური მოთხოვნაა.
პროტესტის 30-ე დღეს, საკლუბო სცენის საღამო უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ 3 დღის წინ, მშენებლობაზე მომუშავე 16 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საკლუბო სცენის დღე გადაიდო და ამის ნაცვლად, გამომსვლელები შრომით კანონმდებლობასა და პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებზე საუბრობდნენ.