რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიაში ჟენევის დისკუსიებს ალტერნატივა არ აქვს. განცხადებას რუსული სააგენტო ავრცელებს.
გრიგოლი კარასინი ამბობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივა მხოლოდ შეიარაღების გაზრდა და ომის დაწყებაა.
''ჩვენ არავითარი ალტერნატივა არ გვაქვს: ეს ერთადერთი ფორმატია, რომელშიც ვხვდებით საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს. სხვა ფორმატი არ არსებობს. ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსიები - სამხრეთ კავკასიაში ნევროზულობის და ნეგატივის დაგროვების საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.