ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას თავმჯდომარედ, საკრებულოს ახალი დეპუტატი თემურ კახიძე უხელმძღვანელებს. იგი ამ პოზიციაზე ფარული კენჭისყრით, დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს, კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღო ენმს წევრებმა.
თემურ კახიძე ბათუმის საკრებულოში, 30 აპრილს შევიდა. კახიძემ სიის მე-10 ნომერი, ირაკლი მიქელაძე ჩაანაცვლა, რომელმაც დეპუტატის მანდატი, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
2012 -2016 წლებში კი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებიდან“. თემურ კახიძე უმაღლეს საბჭოში იურიდიულ და საპროცედურო კომისიას ხელმძღვანელობდა.
საკანონმდებლო ორგანოში, ორწლიანი მუშაობის შემდეგ იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე ოპოზიციაში გადავიდა.
2016 წლის ივლისში ოფიციალურად განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან ბიზნესში წავიდა. 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ბათუმის საკრებულოს არჩევნებისთვის წარდგენილ სიაში თემურ კახიძე ისევ გაჩნდა, ის მეთერთმეტე ნომრად ჩაწერეს.