ხანძრის შედეგად ხის სახლი მთლიანად დაიწვა - ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

28 მაისი 2019, 20:23 9116 ნახვა

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლმა ხის სახლი მთლიანად გაანადგურა. ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მედიკოსების დახმარება ფეხმძიმე ქალს დასჭირდა, რომელიც ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში იმყოფებოდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი, პროფილაქტიკის მიზნით, გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ცეცხლი გაჩენის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ოჯახის წევრებმა სახლი დროულად დატოვეს. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა უთხრა, რომ ცეცხლი თხევადი გაზის ჭურჭელს გაუჩნდა. 

''შეგვეშინდა არ აფეთქებულიყო და სახლი სწრაფად დავტოვეთ. სხვა არაფერი ვიცი. ნივთების მცირე ნაწილის გამოტანა მოვახერხეთ მხოლოდ''.

ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ხანძარი ლიკვიდირებულია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში