შერატონში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა, ცრუ შეტყობინება იყო

31 მარტი 2019, 00:00 3690 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მას შემდეგ დაიწყო გამოძიება, რაც ბათუმის ''შერატონში'' ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს. 

გვიან ღამით, ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, სამართალდამცველები ბომბს სამორინეში ეძებდნენ.  112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, სასტუმროსა და სამორინეში მყოფი სტუმრებისა და პერსონალის სრული ევაკუაცია მოხდა, ადგილზე კინოლოგებმა და გამნაღმველებმა იმუშავეს. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ცრუ შეტყობინებას გულისხმობს ტერორიზმის შესახებ. 

კაზინო „მშვიდობის“ მენეჯერი არ გამორიცხავს, შესაძლო ცრუ განგაში კონკურენტების მიერ იყოს მოწყობილი. „დღეს შაბათია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ბათუმში კაზინოსთვის, ყველაზე მეტი სტუმარი სწორედ ამ დროს არის. ჩემი დიდი ვარაუდით ეს პროვოკაციაა, 99 პროცენტით ცრუ განგაშია, არის ვიღაცის მიერ მოწყობილი, მე არ გამოვრიცხავ ეს კონკურენტებიც შეიძლება იყვნენ, ან ვინმე განაწყენებული. ფაქტია, რომ ეს ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა, რომ ჩაგვიშალოს დღევანდელი დღე“ - ამბობს კაზინოს მენეჯერი შოთა ამირანაშვილი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში