ეუთო აჭარის მაუწყებელზე: ''ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა''

01 მარტი 2019, 00:00 2177 ნახვა

„აჭარის ტელევიზია მეტწილად ფოკუსირებული იყო ადგილობრივი, რეგიონული მოვლენების გაშუქებით და ლიმიტირებული, თუმცა დაბალანსებული სივრცე დაუთმო საარჩევნო კამპანიის აქტივობებს. ეს იყო ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება“ - წერს ეუთო ჩვენს მაუწყებელზე დასკვნაში, რომელიც  მედიასთან მიმართებაში მკვეთრად პოლარიზებულ  გარემოზე საუბრობს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მრავალფეროვანი მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო და გაშუქება პოლიტიკურ ხაზებსა და ბიზნესინტერესებს გასდევდა. დასკვნაში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ეცადა, კანდიდატები ნეიტრალურად გაეშუქებინა. თუმცა პირველმა არხმაც და აჭარის ტელევიზიამაც ვერ მოახერხეს თავიანთი საჯარო მანდატის შესრულება და ზედაპირულად აშუქებდნენ პარტიების წარმომადგენლებისა და კანდიდატების აქტივობებს.

მონიტორინგის შედეგებით, მეორე ტურში ძირითადი მაუწყებლები კიდევ უფრო მეტად პოლარიზებული გახდნენ. “იმედმა” განაცხადა, რომ აქტიურად იმუშავებდნენ, რათა ხელი შეეშალათა ენმ-ის კანდიდატის გამარჯვებისთვის და ყველაზე ყურებად ეთერს უთმობდა ამ პარტიის ძლიერად გასაკიცხად. ასევე წერია, რომ რუსთავი 2 ძლიერ უარყოფითად აშუქებდა მთავრობას, “ქართულ ოცნებას” და მათ მხარდაჭერილ კანდიდატს. პირველ არხს ეტყობოდა აშკარა მიკერძოება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის წინააღმდეგ და “ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს ემხრობოდა. ტვ პირველმა მაყურებელს უფრო ნეიტრალური და ფაქტებზე დაფუძნებული რეპორტინგი შესთავაზა. იმის პარალელურად, რომ “აჭარის ტელევიზიის” გაშუქება მეტწილად ნეიტრალური იყო, მან საგრძნობლად მეტი დრო დაუთმო “ქართულ ოცნებასა” და “ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატს.

ეუთო ექვს მაუწყებელსა და სამ ვებსაიტს აკვირდებოდა.

ამავე კატეგორიაში