ევროპაში კანონის რეგულაციების მორჩილებაზე მითი დაიმსხვრა, როდესაც დღისით, მზისით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი - შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერი 2025, 12:09 95 ნახვა

შალვა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქმეზე ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპაში არ მუშაობს სამართლებრივი მექანიზმები, თუკი საქმეში პოლიტიკური ინტერესი არსებობს.

„ეს არის ნათელი დასტური, რომ იყო პირდაპირი პოლიტიკური მიზანი ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლისა, იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისკენ ებიძგებინათ. წლების განმავლობაში ამ ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენებას ცდილობდნენ. ასე რომ, ეს არის ფაქტი - დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის, რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით-მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ბრიუსელი სანქციებს იმიტომ იყენებს, რომ მათ დაწესებას არც სასამართლო კონტროლი და არც რაიმე დასაბუთება სჭირდება.

„ერთ რამეს უნდა დავაკვირდეთ, რატომ იყენებენ ამ ინსტრუმენტს ასე ხელგაშლილად ევროპელები. არ სჭირდებათ არც სასამართლო კონტროლი, არც რაიმე დასაბუთება, არაფერი, აბსოლუტური თვითნებობაა. ჩვენ რომ გვეუბნებიან სხვადასხვა კომისრები ბრიუსელიდან, რომ ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება, შემდეგ სასამართლო კონტროლი, უნდა იყოს დასაბუთება, უნდა იყოს ხანგრძლივი განხილვა და ა.შ. ეს ყველაფერი ხაზგადასმულია. გამოვა რომელიღაც ერთი ბიუროკრატი და კალმისტრის ერთი მოსმით გადაწყვეტს ამ საკითხს ისე, რომ ვერაფერს იზამს ადამიანი. ისე გააქრობენ ადამიანს ეკონომიკური ურთიერთობიდან, თვალს არ დაახამხამებენ. ეს ეკონომიკური სანქციები ზუსტად ეს არის, რომ არის სისხლის სამართლის სასჯელის ტოლი მექანიზმი, როდესაც, მაგალითად, უზღუდავენ ადამიანს საბანკო მომსახურებაზე წვდომას. ნულია სასამართლო კონტროლი, საერთოდ არაფერი, აბსოლუტური თვითნებობაა. ეს ხალხი შემდეგ რომ რაიმე ღირებულებაზე საუბრობს, რა თქმა უნდა, სასაცილოა.

რაც შეეხება კონკრეტულად ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, შეგახსენებთ, რა იყო ამ შეზღუდვის დასაბუთება – რუსეთის სასარგებლოდ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ასეთი სისულელე როდესაც ჩაწერილია შეზღუდვაში, მოსალოდნელიც იყო ბაიდენის ადმინისტრაციისგან, რომელიც სრულად არაფორმალური მმართველობის ქვეშ იყო. ამავე დროს, ჩვენთვის ეს არის საზომი, რამდენად ხდება იმ მცდარი გადაწყვეტილებების გადააზრება, რომელსაც აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ იღებდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი