''დაკავებულები არ არიან, ფეხბურთელებს დროებით ქვეყნის დატოვება აუკრძალეს'' - თურქეთში საქართველოს საკონსულო

22 თებერვალი 2019, 00:00 1586 ნახვა

თურქეთში,  კლუბ "ცხინვალის" 5 ფეხბურთელი სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება, ისინი დაკავებულები არ არიან და ვარჯიშს გუნდთან ერთად თურქეთში განაგრძობენ - ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს თურქეთში საქართველოს საკონსულო უდასტურებს. კონსტანტინე კოტარიას ინფორმაციით, "ცხინვალის” 5 ფეხბურთელს პოლიცია ქურდობას ედავება, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაუკავებია. 

"ინციდენტი გუშინ მოხდა, რის შემდეგაც ისინი დაკითხვაზე გადაიყვანეს. გუშინვე გაიმართა პირველი სასამართლო სხდომა და უახლოეს მომავალში ელოდებიან შემდეგ სხდომის  ჩატარებას, რომელიც ჯერ ჩანიშნული არ არის.  მე მაქვს კონტაქტი გუნდის ხელმძღვანელობასთან ველოდებით გარემოებების განვითარებას. ერთათერთი მოთხოვნა, რაც ამ ეტაპზე ბიჭებს აქვთ, არ დატოვონ ქვეყანა" - გვითხრა  კონსულმა კონსტანტინე კოტარიამ.  

დღეს დილით, ​CNN-ის თურქეთის ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს, რომლებსაც ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობაში ადანაშაულებდნენ. 

ინციდენტში „ცხინვალის“ მოთამაშეები ფიგურირებენ, რომლებიც ანტალიის დაბა ბელექში ზამთრის შეკრებაზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ.

გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ. მაღაზიის დახურვის შემდეგ კი, კონსულტანტებმა აღმოაჩინეს, რომ მათ სპორტული ფეხსაცმელი, შორტი, შარვალი და კიდევ 9 ნივთი აკლდათ. გამოიძახეს პოლიცია, ხუთივე ფეხბურთელი სამართალამცველებმა სასტუმროში აიყვანეს.

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი