საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს. ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით, მზღვეველი ვალდებულებას იღებს, მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, რომლის გადახდა ეკისრება მფლობელს ან მძღოლს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.
სავალდებულო დაზღვევის შეძენის აუცილებლობა არ გავრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალების, ასევე იმ სახელმწიფო ორგანოების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სამხედრო დანიშნულებისთვის გამოიყენება, მაგრამ გარდა ავტობუსების, მსუბუქი მანქანებისა და სხვა სამეურნეო დანიშნულების ტრანსპორტისა. კანონპროექტი ადგენს წლიური დაზღვევის მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით.