გუშინ ღამითვე გაათავისუფლეს მარიხუანას ე.წ. ფესტივალზე დაკავებული პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე

21 ოქტომბერი 2018, 00:00 1713 ნახვა

გუშინ ღამითვე გაათავისუფლეს მარიხუანას ე.წ. ფესტივალზე დაკავებული პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე. ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შენობაში გაჩხრიკეს, თუმცა მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა. პოლიციის შენობა დატოვეს სხვა დაკავებულებმაც: იაგო ხვიჩიამ, ნიკა ობოლაძემ, ზურა მეგრელიშვილმა, თორნიკე გორგოძემ, ტორესა მოსმა, ნიკა ქავთარაძემ. მათი თქმით, სამართალდამცველებმა ისინი გაჩხრიკეს და კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოუჩინეს. არსებული ინფორმაციით, დანარჩენ დაკავებულს ეტაპობრივად გაათავისუფლებენ.

ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით კი, პოლიციის შენობაში დარჩება ორი მათგანი, რომელთა საკითხზეც სასამართლო იმსჯელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც, შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე შეუძლებელი იყო. ვინაიდან ის პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად პოლიციის განყოფილებაში გაყოლა შესთავაზეს და ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა. პარტიაში კი გუშინ  აცხადებენ, რომ ჯაფარიძე პოლიციას ნებაყოფლობით არ გაჰყოლია და ის გაიტაცეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი