ბათუმში 700-მდე ბავშვს მშობელი ბაღში ვერ მიიყვანს

06 სექტემბერი 2018, 00:00 3837 ნახვა

''ვფიქრობ და მაინც ვერ ვხვდები, რატომ უნდა დარჩეს სამი წლის ბავშვი ბაღის გარეშე, იქნებ მერიამ ან ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ მაინც იცოდეს'' - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც ბავშვის რეგისტრაცია სასურველ ლოკაციაზე, სასურველ ბაღში ვერ მოახერხა. 

საბავშო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე კი მხოლოდ  11 დღე რჩება. გასული წლების მსგავსად ასობით ბავშვი კვლავ ბაღს მიღმა აღმოჩნდა, უფრო კონკრეტულად კი რიგშია, რადგან რეგისტრაცია ამ წუთებშიც გრძელდება.

მშობლები ყვებიან, რომ ცენტრალურ უბნებში არსებულ საბავშვო ბაღებში ყველა ადგილი შევსებულია.

ბათუმში სულ 33 ბაღია, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, 7 825 ადგილი უკვე შეივსო, 1 316 ბავშვი კი რიგში დგას. დახლოებით 440 ადგილია დარჩენილი, ძირითადად გარეუბნებში, მათ შორის თამარის დასახლებაში, ურეხში, ადლიასა და ბარცხანაში.  

ბათუმის ბაღების გაერთიანების უფროსმა მამუკა შამილიშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ მონაცემები პირობითია და რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე სურათი შეიცვლება. 

''ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან რეგისტრაცია გრძელდება. რიცხვი საგრძნობლად შემცირდება და სავარაუდოდ, 600 ან 700-მდე ჩამოვა. გასულ წლებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიღმა  2000 ბავშვი რჩებოდა. მერიის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შემდეგ, ეს რიცხვი 700-მდე ჩამოვიდა. ძირითადი მოთხოვნა ცენტრალური უბნების ბაღებზეა. ჩვენი რეკომენდაცია ცალსახად ბაღების მშენებლობაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია. ყოველწლიურად მერია მინიმუმ ერთ ბაღს აშენებს, ხდება რეაბილიტაცია, სართულის დაშენებაც, ადგილების გაზრდის ყველა რესურსს ვიყენებთ, თუმცა გაზრდილ მოთხოვნას ვერ ვეწევით. ქალაქის ყოველდღიურად იზრდება, მოსახლეობის რაოდენობა მატულობს, ოჯახების ჩამოდიან სამუშაოდ და საცხოვრებლად. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა და დანახარჯისა ჯერჯერობით ცენტრალურ უბნებში მოსახლეობის მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ'' - განაცხადა მამუკა შამილიშვილმა

რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ტერიტორიული შეზღუდვა მოიხსნას, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობელი ბავშვს ნებისმიერ უბანში დაარეგისტრირებს, სადაც თავისუფალი ადგილი იქნება.

''ველოდებით რეგისტრაციის პროცესის დასრულებას, როცა გვექნება დაზუსტებული ციფრები, რომელ ბაღში რამდენი ადგილია დარჩენილი ტერიტორიულ შეზღუდვას მოვხსნით და შევეცდებით მოსახლეობის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, ეს ბაღებიც შევავსოთ'' - განაცხადა მაუწყებლის ეთერში ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა. 

2018-2019 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 2 ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა და ჩაირიცხნენ  პრიორიტეტებით  განსაზღვრული სტატუსის მქონე აღსაზრდელები.​ მეორე ეტაპი კი 15 ივლისიდან დაიწყო. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში, რეგისტრაცია განუწყვეტლივ მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. 

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში