ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი სამი ახალგაზრდა მამაკაცი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ, გვიან ღამით შეიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ერთი კი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
''დაახლოებით 2 საათზე, თვითდინებით მოვიდა სამი პაციენტი. ახალგაზრდა ასაკის. ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა მსუბუქი დაზიანება ბარძაყის უკანა არეში. ჭრილობა დაუმუშავდა და პაციენტი გაეწერა. ორი მძიმედ იყო დაჭრილი, ერთ ბარძაყის არტერიაზე, მეორეს კი მუცლის ღრუში ჰქონდა ჭრილობა. ჩაუტარდათ ოპერაცია. ორივე მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული. მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ახალგაზრდები, სავარაუდოდ, ბასრი საგნით არიან დაჭრილები''- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა.
ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გვიან ღამით 4 მოქალაქე დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 22 წლის ლ.კ. დააკავეს.