„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა

11 ივლისი 2018, 00:00 1893 ნახვა

დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში 8 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება. საღამოს 9 საათზე კი უმრავლესობის წევრების შეხვედრა იგეგმება. სწორედ დღეს უნდა  შეთანხმდნენ ქართული ოცნების წევრები ახალ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე. პოლიტ საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერი ახალ შემადგენლობას დაასახელებს. ცნობილია, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს.

სასჯელაღსრულების სამინისტრო – იუსტიციის სამინისტროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადადის.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა სახელდება. წინასწარი ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გარდა, ცვლილებები ეკონომიკური გუნდის მინისტრებს – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელებს შეეხებათ. მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. სავარაუდოდ, მინისტრის პოსტიდან წასვლა მოუწევს – მიხეილ ჩხენკელს, სამინისტროების გაერთიანებიდან გამომდინარე მინისტრთა კაბინეტში სავარაუდოდ აღარ იქნებიან – მიხეილ გიორგაძე, სოზარ სუბარი და კახა კახიშვილი. საკანონმდებლო ორგანო კი, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას 12 ივლისს დაიწყებს და 14 ივლისს დაასრულებს.

ამავე კატეგორიაში