''აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება'' ,- ამის შესახებ მაუწყებელს აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრმა განუცხადა. ინგა შამილიშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მინისტრი არ აკონკრეტებს, დაიკავებს თუ არა ხელმძღვანელის პოსტს სააგენტოს რომელიმე თანამშრომელი. შამილიშვილის თქმით, ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ასლანიშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. ის, გადადგომის მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს. ლაშა ასლანიშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას 2017 წლის 9 თებერვლიდან ასრულებდა. იგი, როგორც სააგენტოს დირექტორი, ითავსებდა ე.წ. ზონალური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობასაც, ამ პოსტს ის ისევ ინარჩუნებს.
საზოგადოება "ბათომი" აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სთხოვს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნამდე, კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან გაიაროს.