''ხალხნო, შედით ჩემს მდგომარეობაში, გზაზე პატარა ბილიკია დარჩენილი და ბავშვებს შიშით სძინავთ'' -  /მოქალაქის წერილი/

27 მარტი 2018, 00:00 4753 ნახვა

5 თვის წინ ჩამოწოლილი მეწყერი და მიწის მასით ჩამოშლილი გზის ნაწილი, ქობულეთში, ზედა ლეღვაში მცხოვრებ 35 ოჯახს დღემდე  საფრთხეს უქმნის.

მეწყერი სოფელში 2017 წლის ოქტომბერში ჩამოწვა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სოფლის მცხოვრებლები გვატყობინებენ, რომ შიდა სასოფლო გზაზე ტრანსპორტი დღემდე  ვერ გადაადგილდება, მათ შორის ვერც სკოლის ავტობუსი. 

 

"ჩვენი სახლი იმ ტერიტორიაზეა, სადაც მეწყერი ჩამოვიდა. სახლის კედლები დაბზარულია და  შიშის ქვეშ ვცხოვრობთ. მეწყერის დროს გამგეობიდან იყვნენ, მაგრამ არც ერთი გადამღები (მედიასაშუალება) არ მოსულა, ამიტომ გვეუბნებიან ზაფხულში მოგაქცევთ ყურადღებასო. ასეთ წვიმებში სახლში ღამის გათევა გვეშინია, ხალხნო, შედით ჩემ მდგომარეობაში, ეზოდან გზაზე პატარა ბილიკია დარჩენილი და ბავშვებს ღამე შიშით სძინავთ. გზა სოფელის შუაშია ჩახერგილი და ყველა ტრანსპორტს უჭირს გადაადგილება, ვერც სკოლის და ვერც სოფლის მარშუტკა დადის.  გთხოვთ, რომ მოვიდეს ტელევიზია და იქნებ ასე მივმართოთ მთავრობას, რომ გზა გვჭირდება და უსაფრთხოება,'' - გვწერს ბიჭიკო შაინიძემ.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ტერიტორია გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს და ამ ეტაპზე პროექტების შესყიდვა მიმდინარეობს. ერეკლე კახიძის განცხადებით, წლევანდელ ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია, თუმცა აღდგენითი სამუშაოები როდის დაიწყება, ჯერ დადგენილი არ არის. 

ქობულეთის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, სექტემბერ - ოქტომბერში მუნიციპალიტეტში 70-მდე მეწყერი ჩამოწვა, ყველა შემთხვევა სტიქიის შემსწავლელმა კომისიამ შეისწავლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში