''არდაგანის ტბის ნაწილი ჩაბეტონებულია'' /მოქალაქის წერილი/

20 დეკემბერი 2017, 00:00 9714 ნახვა

არდაგანის ტბაში სამშენებლო ნარჩენები ჩაედინება. ტბა, რომელშიც ძვირადღირებული ფრანგული "მოცეკვავე ფანტანებია" დამონტაჟებული, ასე გამოიყურება. 

ტბის მარცხენა მხარეს, წყლის ნაპირის ნაწილი ჩაბეტონებულია. 

რომელმა კომპანიამ დაარღვია მშენებლობის წესი ან რა სანქციები ეკისრება  უცნობია. ტბის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიას აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიაწოდა, მერიის პრესამსახურში დაგვპირდნენ საკითხის მოკვლევას. 

ინფორმაციას არ ფლობენ არც ბულვარის ადმინისტრაციაში. 

ფაქტის შესახებ არც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში იციან. სამმართველოში გვითხრეს, რომ მათ უფლებამოსილებაში მონიტორინგი ან მსგავსი სიტუაციების კონტროლი არ შედის. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს დააზუსტოს, რომელი უწყების პასუხისმგებლობაა ქალაქის ცენტრში, ტურისტულ ობიექტზე ჩაღვრილი სამშენებლო მასალების კონტროლი, მონიტორინგი და პრობლემის აღმოფხვრის ვალდებულება. 

არდაგანის ტბა ახალ ბულვართან მდებარეობს, 2007 წელს ტბის ირგვლივ ინფრასტრუქტურა მოეწყო,  გაფართოვდა ტბის ტერიტორია,  გაკეთდა ორი ხელოვნური კუნძული, მოეწყო ამფითეატრი, იაპონური ხიდი და რესტორანი, დამონტაჟდა საქართველოს პრეზიდენტის ნაჩუქარი ფრანგული შადრევანი, რომელიც მომენტალურად იქცა ქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობად. დღემდე ტბა და "მოცეკვავე ფანტანები" ტურისტული კომპანიების ტურების - "ღამის ბათუმის" მნიშვნელოვანი ლოკაციაა. 

ტბაზე პრობლემები 2017 წლის გაზაფხულზეც იყო, დამშრალი ტბის გაწმენდითი სამუშაოები "ბათუმის ბულვარმა" და შპს "ბათუმისწყალმა" განახორციელა. გაწმენდითი სამუშაოებისთვის ბულვარს 87 ათას ლარზე მეტი ქონდა გამოყოფილი. 

არდაგანის ტბა, 2017 წლის გაზაფხული.

ფოტო: როინ გუნდაძე

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში