რეორგანიზაციის შედეგად ქობულეთის მერიის შეცვლილი საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო დაამტკიცეს საკრებულოს სხდომაზე. ახალი სტრუქტურა რამდენიმე განყოფილების გაუქმების და რამდენიმეს გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. საფინანსო სამსახურში სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება გაერთიანდა. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში არსებული კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებები გაუქმდა, განყოფილების უფროსებმა სპეციალისტის პოზიციებზე გადაინაცვლეს, მათი შრომითი ანაზღაურება 300 ლარით შემცირდა.
ტურიზმის განყოფილება გაერთიანდა ეკონომიკისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურთან, ამ სამსახურში შედის მიწის აღიარების განყოფილება, რომელიც სოფლის განვითარების განყოფილების გაუქმების ნაცვლად შეიქმნა. შიდა სტრუქტურული ცვლილების შედეგად სახელფასო ფონდში ყოველთვიურად 2 650 ლარის ეკონომია დარჩება. არსებული ინფორმაციით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა.