145 ათასი ლარი 3 თვეში უფუნქციო შენობებისა და აჭარის მთავრობის ბალანსზე რიცხული ტერიტორიების დასაცავად – ამ თანხას ეკონომიკის სამინისტრო დაცვის სამსახურს უხდის, რათა ჩოლოქსა და გონიოში არსებული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთები დაიცვას ხალხისგან, უფრო კონკრეტულად კი უწყებას დასაბუთებაში უწერია, რომ არსებობს მოქალაქეების მიერ შენობების მასიურად თვითნებურად დაკავების საშიშროება.
თვითნებურად შესახლების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა განსაკუთრებით გასულ წლებში აჭარაში, სავარაუდოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა მთავრობამ ადამიანური რესურსით ტერიტორიების დაცვა, თუმცა პირად საუბარში ეკონომიკის სამინისტროშიც გვეუბნებიან, რომ ეს ხარჯი გონივრული არაა და საჭიროა შენობების დროული პრივატიზება. ის რაც უფუნქციო შენობებს ეხება, არ ეხება ისტორიულ მემკვიდრეობას - განზრახ დაზიანების, ქურდობისა, თუ განადგურებისგან არავინ იცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, უფრო კონკრეტულად კი შენობებს, რომლებიც ყოველდღიურად ნადგურდება – ერთ-ერთი ასეთი კი ჩაის კულტურის შემოტანასთან დაკავშირებული ჩინელი მეწარმის, ლაო ჯონ ჯაოს საცხოვრებელი სახლია.