1960 წლის შემდეგ ეს იყო რიგით მე-7 ყველაზე თბილი იანვარი ქვეყნისთვის - გარემოს ეროვნული სააგენტო

06 თებერვალი 2018, 00:00 2909 ნახვა

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით - იანვარი საკმაოდ თბილი იყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. 

სააგენტომ დღეს იანვრის სტატისტიკა გამოაქვეყნა - ''1960 წლიდან დაწყებული ეს იყო რიგით მე-7 ყველაზე თბილი იანვარი ქვეყნისთვის, საშუალოდ და რიგით მე-6 დასავლეთ საქართველოსთვის. მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან, საშუალოდ, +2.5, +3°C შეადგინა. იანვრის საშუალო ტემპერატურამ შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +7, +8°C-ის, აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე ტერიტორიაზე +1, +4°C, ხოლო მთაში და მაღალ მთაში -3, +1°C შეადგინა. ნორმასთან შედარებით ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+3.5, +4.5°C) ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და მიმდებარე მთიან ტერიტორიაზე დაიკვირვებოდა
ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები, ძირითადად, თვის მესამე დეკადაში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +15, +17°C-ს კახეთში მიაღწია.
იანვრის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურები, ასევე, თვის მესამე დეკადაში აღინიშნა და სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე აბს. მინიმუმები -12, -18oC დაეცა.
ნალექების რაოდენობის მიხედვით, იანვრის თვე ნორმის მახლობელი, ან უფრო მაღალი ნალექიანობით ხასიათდებოდა. ყველაზე ნალექიანი იყო კახეთის რეგიონი, სადაც ნალექების თვის ჯამები ნორმალურ მნიშვნელობებს 2-3-ჯერ აღემატებოდა. თვის ჯამების მაქსიმალური რაოდენობა (200-250 მმ) სანაპირო ზოლში მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (20-35 მმ) ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღინიშნა.''
 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი