მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი ჯარიმები წესდება. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ რამდენიმე ახალი პუნქტი ემატება. ინიციატორები გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა არიან. მაგალითად, სამ თვეზე მეტი ვადით გზებზე მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარით დაჯარიმდება.
პროექტით, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, იკრძალება სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ცვლილებებით, ასევე იკრძალება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზონაში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
განმარტებით ბარათში წერია, რომ: „საქართველოს ტერიტორიებზე გახშირებულია წყობიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. საქართველოს საკანონმდებლო სივრცე ამ პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისს რეგულაციას არ ითვალისწინებს. მიზანშეწონილია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შესაბამისი წესი შეიმუშაონ, რომელიც დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სატრანსპორტო საშუალება მიტოვებულად’’.
ინიციატივის ავტორები ფიქრობენ, რომ ხშირია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხებას იწვევს.