სპორტი მთავარში

07 აგვისტო 2017, 00:00 1952 ნახვა

ზვიად პატარიძე მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია. 6 აგვისტოს, ფინეთის ქალაქ ტამპერეში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, შეჯიბრების ბოლო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ლიდერმა მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე ოქროს მედალი მოიპოვა.ახალგაზრდა ლომად წოდებულმა პატარიძემ ზედიზედ ხუთჯერ შეძლო მსოფლიოს უძლიერესი ფალავანის ტიტულის მოპოვება - ორჯერ ჭაბუკებში (2013, 2014) და სამჯერ ახალგაზრდებში (2015, 16, 17). ფინალში ქართველმა ფალავანმა ყირგიზ კიმ რომანს (6:2) მოუგო, საფინალო გზაზე კი 4 მეტოქე დაამარცხა, იაპონელი იცუკი შოჯი 47 წამში ხოლო რუმინელი ისტვან ბერეი 17 წამში აშკარა უპირატესობით 8-0 გაანადგურა, მეოთხედფინალში ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი გიორგი გაჯინოვი 4 წუთში იოლად 9-0 დაჯაბნა. დაჯილდოვების ცერემონიალზე ორგანიზატორებმა შეცდომით საქართველოს ძველი ჰიმნი დაუკრეს თუმცა შეცდომა მალევე გამოასწორეს და ჩემპიონის პატივსაცემად, დამსწრეთ ახალი ჰიმნიც მოასმენინეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე  ქვეყნის პოპულარიზაციისთვის პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს ღირსების ორდენი პირადად გადასცა.პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე ცერემონიას ზაზა ფაჩულიას ოჯახის წევრები, ლიტვიდან ტრიუმფით დაბრუნებული საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მოთამაშეები, მწვრთნელები და გოლდენ სტეიტ ვორიორსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გუშინ ორი შეხვედრა გაიმართა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში,  უხვგოლიანი გამოდგა დედაქალაქური დერბი რომელშიც საბურთალომ თბილისის ლოკომოტივს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა. ჰეთთრიკით საბურთალოელი დავით ვოლკოვი გამოირჩა, დუბლი ლაშა შინდაგორიძის ანგარიშზეა, ერთი გოლიც გიორგი ხარაიშვილმა შემატა საბურთალოელებს. 6-0 ამ ანგარიშით იმარჯვეს გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა.  ივანწმინდაში კი საჩხერის ჩხურა სენსაციურ მარცხს გადაურჩა ქობულეთის შუქურასთან, ანგარიში ზღვისპირელებმა მე 12 წუთზე გახსნეს, თავი მარსელინიომ გამოიჩინა, პირველი ტაიმის ბოლოს კი ჩიკვაიძემ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. 21 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს თბილისის დინამო 48 ქულით ლიდერობს. 44 ქულა აქვს მეორეადგილოსან ქუთაისის ტორპედოს. სამტრედიას კი 42. მომდევნო - 22 ტური ელიგაში 10 აგვისტოს გორის დილას და თბილისის საბურთალოს დაპირისპირებით გაიხსნება.

მრავალეროვნული სწავლება  „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის IV მექანიზებული და I საარტილერიო ბრიგადების  ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა.  სპორტული აქტივობების მიზანს სწავლებაში მონაწილე  ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების დაახლოება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა წარმოადგენდა.შეჯიბრებები ფრენბურთში, მინიფეხბურთში, მკლავჭიდსა და ბაგირის  გადაქაჩვაში  ჩატარდა. გუნდები სწავლებაში ჩართული სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებით იყო დაკომპლექტებული. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით დაჭრილი და დაშავებული  ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც იმყოფებოდნენ.  დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა გუნდის კაპიტანის, მაიორ ბესარიონ ღუდუშაურის  ხელმძღვანელობით, მჯდომარე ფრენბურთში იასპარეზეს. 

დღეს, თბილისში, მუშტაიდის ბაღის მიმდებარედ მდებარე „იმედის“ სპორტულ მოედანზე ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ტურნირის ფინალი გაიმართა. სპორტული ღონისძიება 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა.

ამავე კატეგორიაში