დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ბათუმის ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით, 9 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა გაასაღა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია 11 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე ხსენებულ პირზე გაცემული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტები. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.