მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

16 ივლისი 2025, 17:35 114 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის ინტენსიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

„არსებული რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები ჩვენს ქვეყნებს შორის ეფექტიანი სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და სანდო პარტნიორობის ნათელი მაგალითია. ვიმედოვნებ, ერთობლივი ძალისხმევით, ეკონომიკურ ურთიერთობებს ავიყვანთ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მშვიდობის, სტაბილურობისა და ნდობის დამკვიდრებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიალოგის, დიპლომატიისა და თანამშრომლობის გზით.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან დაესწრნენ: საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეები და საერთაშორისო შეთანხმებებისა და ევროკავშირის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი დაესწრნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი