კრემლი აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

30 ივნისი 2025, 13:58 153 ნახვა

კრემლმა დაგმო აზერბაიჯანში ყველა რუსული კულტურული ღონისძიების გაუქმება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოების მუშაობასთან არ შეიძლება და არ უნდა იყოს ასეთი დემარშის მიზეზი.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობების შემდგომი განვითარებით“, - აღნიშნა პესკოვმა და განაცხადა, რომ  რუსეთის პრეზიდენტის დღის წესრიგში არ შედის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საუბარი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ასეთი საუბრის ორგანიზება მოკლე დროში შეიძლება.

რუსმა სამართალდამცველებმა 27 ივნისს ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელი მოქალაქეების სახლები გაჩხრიკეს, რის შედეგადაც, მოკლულია ორი აზერბაიჯანელი, დაშავებულია რამდენიმე, ხოლო დაკავებულია ცხრა.

აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონცერტები, გამოფენები, ფესტივალები და სპექტაკლები გაუქმდა „რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეკატერინბურგში ეთნიკურ საფუძველზე აზერბაიჯანელების წინააღმდეგ სასამართლო განჩინების გარეშე განხორციელებული ძალადობის“ გამო.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული გაიწვია. აზერბაიჯანის მთავრობამ ასევე გააუქმა რუსეთის ვიცე-პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი