"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები, დღეს, სომხეთს დაუპირისპირდება.
შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრებს კაპიტანი გურამ კაშია და ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია უბრუნდებიან, რომლებმაც ერევანში შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.
20 მარტს ერევნის ვაზგენ სარქისიანის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილის გოლითა და გიორგი მიქაუტაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.