დონალდ ტრამპის პოზიცია რუსეთის მიმართ უნდა იყოს მკაცრი, თუ კრემლი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას არ დაეთანხმება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენთვის უმთავრესია, არც ამერიკა, არც არავინ არ წავიდეს რუსულ „მაგრამზე“. ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა მოდიოდეს „მაგრამთან“ ერთად, რადგან ეს არის ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით. ეს არ არის სამუდამო, ეს არის 30 დღე-ღამე, სადაც ყველა მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, აჩვენოს ომის დასრულების სურვილი ან პირიქით. არის აშშ-ის წარმომადგენელი, რომელიც შეხვდა რუსებს. ისინი რაღაცაზე საუბრობდნენ, კოორდინირებულია რაღაც პოზიციები. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება კოორდინაცია აშშ-თან შემდგომი ნაბიჯების შესახებ. რუსები თუ არ ეთანხმებიან პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია იქნება მკაფიო, მკაცრი და პირდაპირი პუტინის მიმართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, შეიძლება, 30 დღეზე მეტხანს გაგრძელდეს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში საჭიროა შეთანხმების შემუშავება ომის დასასრულებლად შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
„დაე, ამერიკამ ახლა აიძულოს პუტინი, გადადგას პირველი ნაბიჯი. შემდეგ განვიხილავთ ყველა დანარჩენ ნაბიჯს“, – განაცხადა ზელენსკიმ.