ბოლო 4 თვეში, აჭარაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 4 მუშა დაიღუპა

28 აპრილი 2017, 00:00 3881 ნახვა

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. დღეს, საქართველოს მასშტაბით, პროფეისული კავშირები მშვიდობიანი აქციებით, საწარმოო უბედური შემთხვევების დროს დაღუპულთა საგანგაშო სტატისტიკას შეახსენებენ საზოგადოებასა და ხელისუფლებას. ასევე ქმედითუნარიანი შრომის ინსპექციის შექმნას მოითხოვენ.

საქართველოში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საწარმოო ტრავმით 414 მუშა გარდაიცვალა, ხოლო 716 დასახიჩრებულია. მონაცემების 80 პროცენტი სამშენებლო კომპანიებში დასაქმებულებზე მოდის - ეს არის მონაცემები, რომელიც პროფკავშირებს აქვთ და ის არასრულია, რადგანაც პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლების ინფორმაციით, ზუსტად ვერ ხდება ქვეყანაში, შრომის ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლა.  "ძალიან რთულია ზუსტი მონაცემები მოგაწოდოთ, დაღუპული მუშების შესახებ მეტ-ნაკლებად ვფლობთ ინფორმაციას, რადგან იგი არ იმალება, თუმცა დასახიჩრებულები ან საწარმოო ტრავმებით ადამიანები ცდილობენ ინფორმაცია არ გაამჟღავნონ კომპენსაციის მიღების ან სამსახურის დაკარგვის შიშით" - აცხადებს აჭარის პროფკავშირის ინსპექტორი ლევან გურგენიძე. 

გასულ წელს, საქართველოს მასშტაბით სამუშაო ადგილზე 33 ადამიანი  დაიღუპა, მათ შორის 6  აჭარიდან იყო. 40 ადამიანი კი  დასახიჩრდა. 2017 წლის სტატისტიკა დამუშავებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში, აჭარაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 4 მუშა გარდაიცვალა.  

"2006 წელს ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებამ სერიოზული საფრთხეები შეუქმნა ამ სფეროს, არსებობდა სამსახური და აკონტროლებდა სამუშაო უსაფრთხოების პირობებს. განსაკუთრებით პრობლემური, როგორც აღვნიშნე სამშენებლო სექტორია, სადაც უსაფრთხოების ზომების დაცვა ძალიან დაბალია. საქართველომ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აიღო ვალდებულება ამ სფეროს რეგულირების და 2 წლის წინ ინსპექტირების სამსახური შექმნა, თუმცა მას ამ სამსახურს არ აქვს უფლებები, რომ მოხდეს ამ სფეროში სიტუაციის გაუმჯობესება, ამიტომ ამ სამსახურს უფლებები უნდა გაეზარდოს" - განაცხადა ლევან გურგენიძემ. 

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი