მოგესალმებით ბაკურიანში, გამარჯობა, საქართველო. მადლობა შესანიშნავი დახვედრისთვის უმშვენიერეს ბაკურიანში ევროპის მე-17 ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის აღსანიშნავად, – ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სპიროს კაპრალოსმა სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტს მადლობა გადაუხადა.
„10 წლის წინ, თბილისში გამართული ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის მე-13 ოლიმპიური ფესტივალის წარმატების შემდეგ, ყოველთვის გვჯეროდა, რომ საქართველო კვლავ უმასპინძლებდა ჩვენი კონტინენტის ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გამორჩეულ ღონისძიებას. უკვე ვგრძნობ, რომ ფესტივალის სული ცოცხალია და მკაფიოდ იგრძნობა აქ. უკვე შევესწარით საოცარ გამოსვლას, ვიხილეთ ჩვენი 45 მონაწილე ქვეყნის სპორტსმენთა აღლუმი, რაც წინასაასპარეზო მღელვარებას კიდევ უფრო აძლიერებს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროპის ოლიმპიურ მოძრაობაში. ბევრი ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ეს პირველი საერთაშორისო მრავალდისციპლინარული შეჯიბრება იქნება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, გამოავლინონ თავიანთი თავი და გამოცადონ თავი ევროპის საუკეთესო სპორტსმენებთან. ჩვენი ევროპის ელჩების წყალობით, თქვენ მიიღებთ იმ ფასეულობას და სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, როგორც გასულ ზაფხულს პარიზში ვიხილეთ და მომავალ წელს, კვლავ, ვიხილავთ მილან კორტინაში, ოლიმპიზმის სული სპორტსმენებს მთელი კარიერის განმავლობაში თან სდევთ. სწორედ, აქ იწყება ეს გზა. ყველა სპორტსმენს გისურვებთ წარმატებას თქვენს ასპარეზობებში და იმედი მაქვს, რომ ბაკურიანიდან შემდგარი და კმაყოფილი დაბრუნდებით.
„ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტს დიდ მადლობას გიხდით ამ ღონისძიების წარმატებაში ჩადებული დაუღალავი შრომისთვის. დაბოლოს, ჩვენს მოხალისეებს უდიდეს მადლობას გიხდით თქვენი თავდადებისა და გულთბილი ღიმილისთვის, რომლითაც ყოველთვის გვეგებებით“, – აღნიშნა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.