ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია

18 იანვარი 2025, 10:36 90 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსების სახით კიდევ 10 მილიონი ევრო დაემატება. ხვიჩას ხელფასი „პარი სენ-ჟერმენში“ ბონუსების ჩათვლით 11 მილიონი ევრო იქნება. 

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა პარიზულ გუნდში გადასვლის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდა. აქამდე ეს სტატუსი გიორგი მამარდაშვილს უკუთვნოდა, რომელშიც ლივერპულმა 35 მილიონი ევრო გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა და სადებიუტო სეზონშივე ნაპოლთან ერთად  იტალიის ჩემპიონატი მოიგო და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში