აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გადამდგარმა გენერალმა კით კელოგმა განაცხადა, რომ მისი მიზანია, ტრამპის ინაუგურაციიდან 100 დღის განმავლობაში მოძებნოს გამოსავალი, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაასრულოს.
ამის შესახებ მან Fox News-ის ეთერში განაცხადა. კელოგის თქმით, მასაც და დონალდ ტრამპსაც ესმით, რომ გამოსავლის საპოვნელად ცოტა დრო აქვთ. აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება სურს. „ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ის არ ცდილობს, რაიმე მისცეს პუტინს ან რუსებს. ის რეალურად ცდილობს, უკრაინა და მისი სუვერენიტეტი გადაარჩინოს“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის მომავალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა.
გადამდგარი გენერალი ფიქრობს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი შეძლებს, კრემლის მმართველსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „მოკლე ვადაში“ მისაღები გამოსავალი შესთავაზოს. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამ არხზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის 24 საათში დასრულებასთან დაკავშირებით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ტრამპის სწრაფი წარმატებები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში, ძალიან საეჭვოა“, - განაცხადა მედვედევმა. მედვედევის აზრით, ტრამპის იდეა აბსოლუტურად არარეალურია და პიარისთვის არის გათვლილი.