2025 წელს საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიულ ფესტივალს - „ბაკურიანი 2025“-ს უმასპინძლებს. გარდა ბაკურიანისა, ფესტივალს თბილისი და ბათუმი უმასპინძლებენ, სადაც შეჯიბრებები სპორტის რვა სახეობაში გაიმართება.
დღეს ბათუმში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სპორტული დირექტორი და „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მშენებარე ყინულის სასახლე დაათვალიერეს და ოლიმპიური ფესტივალისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცვნენ.
საღამოს რვა საათზე კი საზაფხულო თეატრის მიმდებარედ გაიმართება „ბაკურიანი 2025“-ის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია და კონცერტი სხვადასხვა ბენდის შესრულებით. ოლიმპიური ფესტივალი სპორტის რვა სახეობაში ჩატარდება, ბათუმში კი შეჯიბრებები ფიგურულ სრიალსა და ციგურებით რბოლაში ჩატარდება.