მმართველი პარტიის, ოპოზიციის, სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობაა, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა უფრო წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე - პრემიერი

23 თებერვალი 2024, 14:18 457 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის, ოპოზიციის, სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობაა, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა უფრო წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის ევროპელი კოლეგების დამოკიდებულება. 

პრემიერის თქმით, ევროპელი პარტნიორები არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც კონკრეტული ოპოზიციონერი პარტიების მხრიდან განხორციელდა.

"ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვქონდა გულწრფელი საუბარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, შევეხეთ ცხრა პრიორიტეტს, თითოეულ პუნქტზე გვქონდა საუბარი, გავაცანით ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ასევე გავაცანით ჩვენი ხედვები თავად პროცესთან დაკავშირებით, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, მათი მოწოდება, რომ ყველა მხარე, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა შესაბამისი ორგანიზაცია იყოს სათანადოდ ჩართული პროცესებში. რა თქმა უნდა, ისინი არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ყველას პასუხისმგელობაა, გააკეთოს მაქსიმუმი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების და სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი ევროპელი კოლეგების დამოკიდებულება და ბუნებრივია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ამ დამოკიდებულებას. ჩვენ გვქონდა საუბარი თითოეულ პუნქტზე. მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი "ვეიტინგის“ თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, ასეთი პროცესები ხშირად გამოიყენება იმისთვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკური კონტროლი, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაზე.

"ე.წ. ვეიტინგის შესახებ ჩვენი პოზიცია არის გამოკვეთილი. ვეიტინგი ეწინააღმდეგება თავისი არსით არა მხოლოდ ფორმალურად საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, მათ შორის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს. მით უმეტეს, რომ არ არსებობს საფუძველი ასეთი პროცესების განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში, არ არსებობს არგუმენტები, ფაქტები, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის მკაფიო. ვეიტინგი არის ჩვენთვის მიუღებელი სამართლებრივი და არა მხოლოდ სამართლებრივი პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაინიცირების შემდეგ პოლიტიკური სუბიექტების ირიბად დაფინანსება შემცირებულია.

"პარტიების თუ ზოგადად, პოლიტიკური სუბიექტების ირიბი დაფინანსება ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს კანონმდებლობას, ისე სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს. დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებული საყოველთაო მიდგომაა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან და არა საზღვარგარეთული წყაროებიდან. ამასთან დაკავშირებით იყო სერიოზული გადახვევები, როდესაც არც თუ ირიბად ხდებოდა პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება. ტენდენცია არის დადებითი. ეს დადებითი ტენდენცია დაიწყო მას შემდეგ, რაც დაინიცირდა პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონი. მას შემდეგ ვხედავთ დადებით ტენდენციებს, აღარ ხდება ირიბი წესით პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, ასეთი დაფინანსების მოცულობა შემცირებულია. ეს ძალიან კარგია, თუმცა ბოლომდე უნდა გავყვეთ თითოეულ ასეთ პრეცედენტს.  მნიშვნელოვანია, არც პირდაპირი და არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, რათა დაცული იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი